პერსონალის სამსახურში მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. პერსონალის სამსახურში მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესი (შემდგომში ,,წესი”) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შპს – თამარიონის საერო სკოლის (შემდგომში ,,სკოლა”) პერსონალის მიღების და ატესტაციის ჩატარების წესს.
2. ეს წესი ვრცელდება სკოლის მასწავლებლებზე და სტრუქტურული ერთეულების პერსონალზე.
მუხლი 2. სამსახურში მიღება
1. სკოლაში შეიძლება მიღებულ იქნეს პირი რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა ან/და გამოცდილება და აკმაყოფილებს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
2. სკოლაში თანამდებობაზე მიღება ფორმდება თანამდებობაზე დანიშვნის შესაბამისი აქტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელს და გვარს;
ბ) დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულის/თანამდებობის დასახელებას, რომელშიც პირი ინიშნება;
გ) დანიშვნის სამართლებრივ საფუძველს;
დ) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღს;
ე) სამსახურის ვადას – თუ პირი სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით;
ვ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობას, თუ გამოსაცდელი ვადა იქნა გამოყენებული.
3. პირმა დანიშვნამდე სამსახურში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შრომის წიგნაკი ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში);
ე) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
4. სკოლა უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით მასწავლებლის თანამდებობაზე დანიშვნისას მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა სხვა დოკუმენტაცია.
5. დანიშნულ პირთან ფორმდება შრომის ხელშეკრულება, სადაც მიეთითება თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ოდენობა/საათობრივი ანაზღაურების ოდენობა, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და სხვა პირობები.
მუხლი 3. სამსახურში მიღება გამოსაცდელი ვადით
1. თანამდებობაზე დანიშვნისას დირექტორს შეუძლია შესასრულებელი სამუშაოსათვის შესაბამისობის შემოწმების მიზნით გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა. ამ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის და სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომით სტაჟში.
2. გამოსაცდელი ვადა, როგორც წესი, არ წესდება:
ა) სამსახურებრივი დაწინაურებით თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
ბ) სამსახურის დროებით არმყოფი პირის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას;
გ) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი პირის მიმართ;
3. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ დირექტორი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
მუხლი 4. სამსახურის ვადა
1. პირი სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება:
ა) მასწავლებელლი;
ბ) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის შემცვლელი – სკოლის თანამშრომლის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;
გ) შტატით გაუთვალისწინებელი თანამდებობაზე – პირი დავალების შესრულების ვადით;
დ) პირი შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე _ დირექტორის გადაწყვეტილებით.
მუხლი 5. კონკურსი
1. კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის ან სტრუქტურული ერთეულის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა.
2. დირექტორი უფლებამოსილია ცალკეულ თანამდებობეზე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დაამტკიცოს ის თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელზეც თანამშრომლის დანიშვნა ხდება კონკურსის წესით.
მუხლი 6. კონკურსის ჩატარების წესი
1. კონკურსს აცხადებს სკოლის დირექტორი.
2. კონკურსის ჩატარების დროსა და საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს განსაზღვრავს დირექტორი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
3. განცხადება კონკურსის ჩატარების შესახებ ქვეყნდება დაწესებულების ვებგვერდზე.
4. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დასაკავებელი თანამდებობის, კონკურსის ჩატარების თარიღის, საკონკურსო მოთხოვნებისა და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების შესახებ, ასევე სხვა ინფორმაციას დირექტორის გადაწყვეტილებით;
5. კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი უფლებამოსილია შესაბამისი დოკუმენტები წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით;
6. კონკურსი ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების გზით.
7. კონკურსის შედეგების გათვალისწინებით გამოვლენილ კანდიდატთაგან ერთ–ერთი ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე დადგენილი წესით;
8. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვლინდება შესაბამის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი.
მუხლი 7. ატესტაცია
1. ატესტაციის ჩატარების მიზანია სკოლის თანამშრომლის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა;
2. დირექტორის გადაწყვეტილებით, ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეული კათედრის/სტრუქტურული ერთეულისათვის ან თემატური ნიშნით.
მუხლი 8. ატესტაციის ჩატარების წესი
1. ატესტაციის ჩატარების დროსა და საატესტაციო მოთხოვნებს, აგრეთვე ატასტაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს განსაზღვრავს დირექტორი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
2. ატესტაცია ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების გზით.
3. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, დირექტორი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
მუხლი 9. დავების გადაწყვეტა
1. დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან/კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დირექტორის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია, რომლის მუშაობის წესს განსაზღვრავს დირექტორი.