დანართი 43

დამტკიცებულია 

შპს “სკოლა თამარიონი+”ის დირექტორის

2024 წლის ________________ ბრძანებით

საჯაროობის უზრუნველყოფის მექანიზმი

მუხლი 1. ინფორმაციის თავისუფლება

  1. ინფორმაციის თავისუფლების და ხელმისაწვდომობის სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავში.
  2. ინფორმაციის თავისუფლების მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციის მე-2 თავში მოქცევა და მისი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების რანგში აღიარება ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ როლს კონსტიტუციით გარანტირებული სხვა უფლებებისა და თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლით გარანტირებულია ადამიანის უფლება, მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს ქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. აღნიშნული ნორმა ასევე ადგენს პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულებას. 
  3. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც მოიცავს ინფორმაციის თავისუფლად მიღების და გავრცელების უფლებას. აღნიშნული ნორმებით გარანტირებული უფლების რეალიზაციას ემსახურება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით(ინფორმაციის თავისუფლება) დადგენილი მოწესრიგება.

მუხლი 2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 

  1. ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.
  2. ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;
  3. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და წინამდებარე წესის თანახმად, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას და მასზე ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით გათვალისწინებული წესები.

მუხლი 3. საჯარო ინფორმაციისა და საიდუმლო ინფორმაციის ცნება

  1. საჯარო ინფორმაცია არის – ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.
  2. საიდუმლო ინფორმაცია – დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

1. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.

2. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.

3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, დაწესებულების ელექტრონული რესურსების საშუალებით. განცხადება უნდა იყოს ხელმოწერილი და დასკანარებული სახით ან ჰქონდეს ოფიციალური ელექტრონული ხელმოწერა.

4. დაწესებულება ვალდებულია სათანადო წერილობითი თხოვნის საფუძველზე სხვა დაწესებულებაზე ცნობის სახით გასცეს მასთან დაცული პერსონალური მონაცემები ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დაწესებულებისათვის საკითხის გადასაწყვეტად, თუ იგი წარუდგენს იმ პირის წერილობით თანხმობას, რომლის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაცია.

5. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული წერილობითი თანხმობა გაცემულად ითვლება, თუ პირი განცხადებაში ან სხვა რაიმე წერილობით დოკუმენტში გამოხატავს თანხმობას, რომ დაწესებულებამ, რომლისგანაც იგი ითხოვს საკითხის გადაწყვეტას, თავად გამოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემები ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულებისაგან.

6. სხვისი პერსონალური მონაცემების ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გამცემი და მომთხოვნი ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან აღნიშნული მონაცემების ან ინფორმაციის საიდუმლოება.

მუხლი 5. საჯარო ინფორმაციის გაცემა

1. დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა დაწესებულებასთან კონსულტაციას.

2. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.

3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან.

 მუხლი 6. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა

1. დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.

2. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.

 მუხლი 7. ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია

დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე, ყველას აქვს უფლება იცოდეს:

ა) ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები;

გ) დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი;

დ) დაწესებულების მისია, ხედვა, ღირებულებები;

ე) დაწესებულების სასკოლო სასწავლო გეგმა და კალენდარი;  

ვ) დაწესებულების შინაგანაწესი;

ზ) დაწესებულების ანგარიშები ფინანსურ მდგრადობასა და სტრატეგიული გეგმების შესრულებასთან დაკავშირებით;

თ) დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი;

ი) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე;

კ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს;

ლ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია;

მ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.

მუხლი 8. შიდა რეგულაციების გასაჯაროების მექანიზმი

  1. სკოლა უზრუნველყოფს საკუთარი მისიის, ხედვის, ღირებულებების, სასკოლო სასწავლო გეგმის, შინაგანაწესის, სამოქმედო და სტრატეგიული გეგმებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებით დადგენილი მარეგულირებელი აქტების საჯაროობას ვებ-გვერდზე გამოქვეყნებთ, სკოლის საინფორმაციო დაფაზე განთავსებითა და დაინტერესებული პირების მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდებით.
  2. სკოლის დირექტორი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს ბრძანების გამოცემის გზით.

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

  1. წინამდებარე მექანიზმებს ამტკიცებს დირექტორი ბრძანების გამოცემით.
  2. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამავე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული წესით.